ბიუროს ექსპერტები სურსათის უვნებლობის შესახებ კონფერენციას დაესწრებიან
24 მაისი, 2013 წელი
2013 წლის 24 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი მაია გონაშვილი, ამავე სამმართველოს ექსპერტები მარინე იაკობაშვილი და ეთერ ინასარიძე სურსათის უვნებლობის თემაზე კონფერენციას დაესწრებიან.
კონფერენცია სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ჩატარდება, თემაზე სურსათის უვნებლობა -XXI საუკუნის გამოწვევები.
კონფერენციაზე, უცხოელი და ქართველი სპეციალისტები სხვადასხვა მოხსენებებს წაიკითხავენ, გაიმართება დებატები, სადაც განხილული იქნება კვების სფეროში სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები, ასევე მათი გადაჭრის გზები და საკანონმდებლო საკითხები.
ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები უნივერსიტეტში კონფერენციაზე
23 მაისი, 2013 წელი
2013 წლის მაისის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მიწვეულნი იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი ბესიკ ნოზაძე უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრა ექსპერტიზის ბიუროსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.
კონფერენცია კრიმინალისტიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს მოიცავდა.
ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა სტუდენტებისათვის პრეზენტაცია გამართეს, რასაც მათი მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა.
ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა და ბიუროს ექსპერტმა ბესიკ ნოზაძემ მომავალ იურისტებს ექსპერტიზის ბიუროში მოქმედი დნმ და კრიმინალისტიკურ ლაბორატორიებში დანერგილი სიახლეები გააცნეს, ხოლო ვირტუალურად აჩვენეს მაღალტექნოლოგიური დანადგარები და ხელსაწყოები, რომლებზეც ყოველდღიურად ბიუროში საექსპერტო კვლევები მიმდინარეობს.
ბიუროს უფროსის მადლობა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის სანიტარს
20 მაისი, 2013 წელი
2013 წლის მაისის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, კერძოდ კი კანცელარიაში შემოვიდა წერილი. თბილისში გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრები ბიუროში მომუშავე სანიტარს ნიკოლოზ სხვიტარიძეს მადლობას უხდიან კეთილსინდისიერი სამუშაოსთვის.
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს სანიტარმა კეთილი ნება გამოიჩინა და გვამის მოწესრიგების დროს ქურთუკის ჯიბეში აღმოაჩინა თანხა 2000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის შესახებ ექსპერტიზის ბიუროს სანიტარმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აცნობა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში მომუშავე სანიტარს ნიკოლოზ სხვიტარიძეს ექსპერტიზის ბიუროს უფროსმა გიორგი ხიზანიშვილმა მადლობა გამოუცხადა და ფულადი პრემი გადასცა.
ექსპერტიზის ბიურო ENFSI-ის სამუშაო შეხვედრაზე ბელგრადში
17 მაისი, 2013 წელი
2013 წლის 21-24 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი ხიზანიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაზე გაემგზავრება.
ბიუროს უფროსთან ერთად ENFSI-ის შეხვედრას ბიუროს ხარისხის სამმართველოს უფროსი უჩა მარგველაშვილიც დაესწრება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უკვე 2 წელია რაც ამ ავტორიტეტული ევროპული ორგანიზაციის სრული წევრია.
ბელგრადში გამართულ სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ყოველწლიურ ბიზნესს შეხვედრაზე განხილული იქნება ENFSI-ს მომავალი განვითარების სამოქმედო გეგმა, მოეწყობა განხორციელებული პროექტებისა და საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია.
საერთაშორისო შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის საბიუჯეტო და დაფინანსების საკითხებზეც.
დნმ ლაბორატორიის წარმატება საერთაშორისო სერთიფიკატით დადასტურდა
1 მაისი, 2013 წელი
2013 წლის 1 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გერმანული დნმ პროფილირების ჯგუფისგან (GEDNAP) სპეციალური სერთიფიკატი მიიღო, რაც უკვე ოფიციალური დოკუმენტი გახლავთ, რომელიც ადასტურებს, რომ ექსპერტიზის ბიუროს ბიოლოგიური (დნმ) ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარებული ყველა გენეტიკური კვლევა და მიღებული შედეგები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.